იუსტიციის სამინისტროს ეუთოსა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს თანაორგანიზებით ტრეფიკინგის თემაზე ეროვნული სიმულაციური ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მიზანი მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომა, დანაშაულის დროული გამოვლენა და დაზარალებულთა საზოგადოებაში ეფექტიანი ინტეგრაციაა.
4-დღიანი სიმულაციური ტრენინგი დახურვის ღონისძიებით დასრულდა, სადაც მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.
ტრენინგი უნიკალური შესაძლებლობაა გამომძიებლებისთვის, პროკურორებისთვის, შრომის ინსპექტორებისთვის, იურისტებისთვის, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისთვის, სიმულაციურად შექმნილ, მაქსიმალურად რეალურ და, ამავდროულად, უსაფრთხო გარემოში ჩაერთონ ადამიანით ვაჭრობის შემთხვევის გამოვლენისა და მასზე შემდგომი რეაგირების პროცესში.
აღსანიშნავია, რომ ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველო უკვე მე-9 წელია, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო, 2023 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო არაერთი ევროპული ქვეყნის გვერდით კვლავ ინარჩუნებს ადგილს შეფასების უმაღლეს საფეხურზე, პირველ კალათაში.