საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, დარგობრივი სამინისტროების, დაინტერესებული ორგანიზებისა და მშობელთა აქტიური ჩართულობით, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“ დამტკიცდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დოკუმენტში ასახულია სკოლის კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების რეკომენდაციები - აკრძალული მზა კვების პროდუქტები და ინგრედიენტები, სკოლის კვების ობიექტის თანამშრომელთა პირადი ჰიგიენის მოთხოვნები და სხვა.
შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს, ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით, მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნით და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით.
სკოლა უფლებამოსილია მონიტორინგის ჯგუფში ჩართოს მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებში ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, სკოლის კვების ბლოკში აკრძალულია შემდეგი პროდუქტების გამოყენება:
ა) საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ.: ჩიფსები, ჟელიბონი და სხვა);
ბ) მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული;
გ) მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები;
დ) დაკონსერვებული პროდუქტები;
ე) თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი;
ვ) სოკო ნებისმიერი ფორმით;
ზ) კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;
თ) ტკბილი გაზიანი სასმელები;
ი) ყავა.