ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „კალანდია საქართველოს წინააღმდეგ“ დაცვის მხარეს გუშინ ჩაბარდა. როგორც კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განმარტა, საქართველოს მთავრობას მიხეილ კალანდიასთან შეთანხმების წინადადება მიეცა 2024 წლის 14 თებერვლამდე, ხოლო თუ დათქმულ ვადაში მხარეები ვერ მორიგდებიან, სასამართლო მე-3 ეტაპზე გადადის, რა დროსაც საქართველოს მთავრობამ რიგ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაციო საჩივარი საერთოდ დაუშვებლად მიიჩნია.