34 დაკავებული, 13 დარბეული მაღაზია, დამწვარი 11 პოლიციის მანქანა - დუბლინში მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ირლანდიის პოლიციის კომისრის განცხადებით, მომხდარი ძალადობის განსაკუთრებული შემთხვევაა, რომლის მსგავსიც ქვეყანაში რამდენიმე ათეული წლია არ მომხდარა. არეულობის დროს დაშავდნენ სამართალდამცველები, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. აქციის მონაწილეები ანტიიმიგრაციულ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. გამოსვლები დუბლინის ქუჩებში მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ დაწყებით სკოლასთან მოქალაქეებს დანით თავს უცნობი პირი დაესხა. შემთხვევის შედეგად 5 პირი, მათ შორის 3 მცირეწყლოვანი ბავშვი დაშავდა. ხუთი წლის ბავშვისა და ქალის მდგომარეობა მძიმეა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.