კალათბურთი | „ვირტუსმა“ ევროლიგაში მეშვიდედ მოიგო - თორნიკე შენგელია მატჩის MVP გახდა
თორნიკე შენგელიას “ვირტუს” ბოლონიამ ევროლიგის მე-10 ტურში თურქულ ფენერბაჰჩეს უმასპინძლა და მეტოქეს 8 ქულით, ანგარიშით 87:79 სძლია. შენგელიას გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვა, როდესაც მეტოქეს 10 ქულით აჯობა და ბოლო პერიოდს 12 ქულიანი უპირატესობით შეხვდა.
თორნიკემ პარკეტზე 28:57 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. შენგელიამ 8-დან 5 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სტუმრებს ჯონათან მოტლიმ ულიდერა, მან მეტოქეს 25 ქულა ჩაუგდო.
იტალიურ გუნდს ევროლიგის მიმდინარე სეზონში 7 მოგება და 3 მარცხი აქვს, რითიც მესამე ადგილზეა. ბოლონიელები მხოლოდ მადრიდის რეალსა და ბარსელონას ჩამორჩებიან. შენგელიას კლუბი მომდევნო ტურში მიუნხენში ბაიერნს ესტუმრება.