* ჟან-მიშელ ბასკია -
ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად, თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთმა ყველაზე ამოუცნობმა მხატვარმა ჟან-მიშელ ბასკიამ მაინც უმდიდრესი მემკვიდრეობა დატოვა, რადგან მისი შემოქმედება დღემდე არავის ტოვებს გულგრილს, საოცრად ამაღელვებელი ნამუშევრები კი, დისკუსიისა და ფილოსოფიური მსჯელობისკენ უბიძგებენ მნახველს.
* ეგზოტიკური წარმომავლობა -
ჟან-მიშელ ბასკია 1960 წლის 22 დეკემბერს დაიბადა ნიუ-იორკში. დედა, ულამაზესი ქალბატონი - მატილდა ერნანდესი პუერტო-რიკული ემიგრანტების შთამომავალი, მამა - წარმატებული ეკონომისტი ჯერარდ ბასკია კი, რომელიც რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ფლობდა ნიუ-იორკის ცენტრში, წარმოშობით ჰაიტიდან იყო.
სწორედ ამგვარი კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნების წყალობით შეისწავლა მცირეწლოვანმა ჟან-მიშელმა ფრანგული, ესპანური და ინგლისური ენები, ადრეულ ასაკში დაინტერესდა ისტორიით, სხვადასხვა ხალხების კულტურითა და მითოლოგიით, სიმბოლისტი პოეტებით და ფერმწერებით, რაც პირველ რიგში, მოსიყვარულე დედის დამსახურება იყო, რადგან თვითონ ხელოვნებით გატაცებული შვილისთვისაც საკუთარი ინტერესების გაზიარებას ცდილობდა.
* საბედისწერო ტრავმა -
7 წლის ჟან-მიშელს ქუჩაში თამაშისას დაეჯახა ავტომობილი, რასაც სერიოზული ტრავმა და კლინიკაში გატარებული რამდენიმე თვე მოჰყვა. თუმცა, სწორედ ტრავმების მოშუშებისას და გულის გადასაყოლებლად მიუტანა დედამ ‘’ჰენრი გრეის ადამიანის სხეულის ანატომიის’’ ცნობილი სახელმძღვანელო, რომლის არაჩვეულებრივმა ილუსტრაციებმა უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა მის აღქმაზე, წარმოსახვაზე და ერთგვარად განსაზღვრა შემოქმედებითი სტილი.
მართალია, მშობლების განქორწინების შემდეგ ჟან-მიშელი დებთან ერთად ბრუკლინში დარჩა მამასთან, მაგრამ უფროს ბასკიასთან მუდმივი კონფლიქტით დაღლილი დედასთან ერთად გადაბარგდა პუერტო-რიკოში, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ისევ მამას დაუბრუნდა, რადგან მატილდა დიდი ხნით მოხვდა ფსიქიატრიულ კლინიკაში.
დედის მზრუნველობას მოკლებულმა ჟან-მიშელმა, ვერც მამის მძიმე ხასიათს, დესპოტიზმს გაუძლო და 15 წლისამ სახლიდან გაქცევით სცადა მისგან თავის დაღწევა, თუმცა რამდენიმედღიანი ხეტიალის შემდეგ, ისევ უკან მოუწია დაბრუნება პოლიციის თანხლებით. მკაცრი სასჯელის მიუხედავად ჟან-მიშელმა მაინც არ ისურვა მამის წესებს დამორჩილება და მალე ისევ ქუჩაში აღმოჩნდა, რადგან სკოლიდან გაძევებულის სახლში გაჩერება არც მისტერ ბასკიამ მოინდომა.
თავისუფლების მოპოვების შემდებ ჟან-მიშელი ჯერ მეგობრებთან ერთად ვაჭრობდა ქუჩაში მაისურებითა და ღია ბარათებით, მერე მანჰეტენზე, დასავლეთ ბროდვეიზე გადაინაცვლა მოდურ მაღაზიაში Unique Clothing Warehouse-ში, სადაც კონსულტანტობა და შეძლებული კლიენტებისთვის სამოსის შერჩევა ითავა.
* შემოქმედებითი ძიება -
17 წლის ბასკიამ, რომელიც თავისუფლებით ტკბებოდა, სწრაფად მოიძია თანამოაზრე და სწორედ ახლად შეძენილ მეგობართან - ალ დიასთან ერთად ‘’დაიპყრო’’ ქვემო მანჰეტენი, როცა რთული და მეტწილად ადგილობრივ ჟარგონზე, მხოლოდ ვიწრო წრისთვის გასაგები ფრაზებით მოხატა შენობების კედლები და SAMO-ს ორიგინალური ავტოგრაფით დაამშვენა.
მართალია, 1978 გაზეთმა Village Voice-მა ახალბედა მხატვრებს სტატია მიუძღვნა და წარმატებული მომავალი უწინასწარმეტყველა, მაგრამ უმნიშვნელო კამათმა ბასკიასა და დიასის მეგობრობასთან ერთად, საინტერესო პროექტსაც წერტილი დაუსვა ფინალური ფრაზით SAMO IS DEAD.
მომდევნო რამდენიმე წელი ბასკიამ შემოქმედებით ძიებაში გაატარა და ჯერ საკაბელო ტელევიზიის შოუში TV Party-ში მონაწილეობდა, სადაც წამყვანს გლენ ო’ ბრაიენს დაუმეგობრდა, მერე საკუთარი მუსიკალური ჯგუფი Test Pattern შექმნა, რომელმაც მოგვიანებით სახელი შეიცვალა და Gray-დ წოდებული მანჰეტენის ცნობილი კლუბის Noise rock-ის წამყვანი ჯგუფი გახდა. 1981 წელს ბასკიამ დამოუკიდებელ კინოში, ძველი მეგობრის გლენ ო’ ბრაიენის საავტორო ფილმში New York Beat/ Downtown 81 მოსინჯა შესაძლებლობები და ძალიან გაუმართლა, რადგან ენდი უორჰალი გაიცნო, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით აღაფრთოვანა.
* ბასკია და უორჰალი -
1980-იანი წლების საკულტო მხატვარს, პოპ-არტის მამად აღიარებულ ენდი უორჰალს, ჟან-მიშელი მანჰეტენის ერთ-ერთ კაფეში შეხვდა და საკუთარი ღია ბარათები უსახსოვრა. მართალია, მეგობრებმა, რომლებიც ქუჩაში ელოდნენ, არ დაიჯერეს ჟან-მიშელის უორჰალთან მეგობრობა, მაგრამ ნიჭიერი მხატვრების თანამშრომლობა მართლაც შედგა. მეტიც, სწორედ ენდი უორჰალი დაეხმარა ახალგაზრდა შემოქმედს ახალი შესაძლებლობების და საკუთარი ტალანტის სრულად გამოვლენაში, თუმცა ვერც მან შეძლო ბასკიას ‘’სერიოზულ მხატვრად გარდაქმნა’’, რადგან მისი ანდერგრაუნდის სტილში შესრულებული ნამუშევრები არასდროს ერგებოდა კლასიკურ ფერწერას. თუმცა, სწორედ ამგვარი ხელწერა იქცა ბასკიას სავიზიტო ბარათად, რომელმაც სამხატვრო სკოლის დასრულების და პროფესიული განათლების მიღების შემდეგაც ჯიუტად შეინარჩუნა ე.წ. ‘’დაუდევარი სტილი’’.
მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა ენდისა და ჟან-მიშელის მეგობრობა, რომელიც 1987 წლამდე, უორჰალის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. შემოქმედებითმა დუეტმა უამრავი ერთობლივი პროექტი განახორციელა, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი 1984 წლის ‘’უსახელო’’ გახდა.
ორიგინალური და მეტად ნოვატორული აღმოჩნდა უორჰალის ტრაფარეტული ტექნიკის ბასკიას თავისუფალ და ველურ სტილთან შერწყმა, რომლის წყალობით დღეს უკვე კერძო კოლექციონერების საკუთრებად ქცეული ნახატების მთელი სერია შეიქმნა. სწორედ ამგვარ ტექნიკას მიეკუთვნება ნამუშევარი Olympic Rings, რომელიც უორჰალმა ჩვეულ ფერებში შეასრულა რამდენიმე ვარიანტად, ბასკიამ კი, საკუთარი - გრაფიტის სტილით უპასუხა.
* პირველი წარმატება -
მართალია, ფართო აღიარება ბასკიამ უორჰალთან თანამშრომლობით მოიპოვა, მაგრამ არც მის გაცნობამდე პასიურობდა. 1980 წელს The Times Square Show-ს კოლექტიურ გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ ჟან-მიშელის შემოქმედებით ჟურნალის ‘’არტფორუმის" კრიტიკოსი რენე რიჩარდი დაინტერესდა, რომელმაც სტატია ‘’გასხივოსნებული ბავშვი’’ მიუძღვნა ბასკიას და სიხარულით გააცნო ხელოვნების მოყვარულთა უზარმაზარ არმიას.
მოგვიანებით ახალგაზრდა მხატვარი ლოს-ანჯელესში გაემგზავრა, სადაც თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი - ყვითელ ტონებში შესრულებული Hollywood Africans შექმნა, რომელიც კრიტიკოსებმა მხატვრის ავტოპორტრეტად მიიჩნიეს. დღეს Hollywood Africans, რომელიც რამდენჯერმე გაიყიდა და წლების მანძილზე ‘’მოგზაურობდა’’ კოლექციიდან კოლექციაში, ნიუ-იორკის უიტნის მუზეუმის საკუთრებაა.
ყველაზე წარმატებული ბასკიასთვის 1982 წელი გამოდგა, როცა ჯერ ნეოექსპრესიონისტებად წოდებული მხატვრების ჯგუფს შეუერთდა და სწორედ მათთან ერთად მოაწყო გამოფენა, მერე მუსიკოს დევიდ ბოუისთან იმუშავა, ბოლოს კი, საკუთარი 12-წუთიანი რეპ-სინგლი Beat Bop ჩაწერა ვოკალური და ინსტრუმენტული ვერსიით. შეზღუდული ტირაჟით გამოსული კომპოზიცია, თავად ბასკიას ილუსტრირებული შეფუთვით, დღესაც ძვირად ფასობს როგორც მუსიკის, ისე ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერთა შორის.
* Riding With Death -
მართალია, 1985 წელს ჟან-მიშელი The New York Times Magazine-ის გარეკანზე მოხვდა, მოგვიანებით კი, სოჰოში მერი ბუნის გალერეაში გამოიფინა, მაგრამ ჩვეული შემართება და ენთუზიაზმი დაკარგა, რისი მიზეზი პირველ რიგში ნარკოტიკები გახდა, რომელიც ჟან-მიშელმა პირველად ნიუ-იორკის ქუჩის მხატვრებთან მეგობრობისას მოსინჯა, 1988 წელს ენდი უორჰალის გარდაცვალების შემდეგ კი, რაც ძალიან მტკივნეულად განიცადა, მისი მოხმარება ყოველდღიურ ჩვეულებად ექცა.
ჰეროინზე დამოკიდებულების და დეპრესიის გამწვავებასთან ერთად, ბასკია სულ უფრო მეტად გაურბოდა ადამიანებთან ურთიერთობას, რაც არც მის მეგობრებს დარჩათ შეუმჩნეველი, რადგან ერთ დროს სიცოცხლით სავსე ‘’გასხივოსნებული ბავშვისგან’’ მხოლოდ აჩრდილი დარჩა. სწორედ მძიმე ემოციური მდგომარეობის ანარეკლად იქცა ნამუშევარი Riding With Death, რომელშიც ჩვეულ ტექსტებზე უარის თქმით, ავტორმა ჯერ საკუთარ თავთან სცადა შერიგება, მერე კი, სამყაროს დაემშვიდობა.
მართალია, არავინ იცის, რა დატვირთვა აქვს ოქროსფრად შეღებილ, თუმცა უსახურ და უღიმღამო ფონზე გამოსახულ ჩონჩხზე შემომჯდარ ადამიანს - უკეთესი ცხოვრების სიმბოლოა, რომლისკენაც ბასკია ისწრაფოდა თუ იმ ბოჰემურ პუბლიკას და ფუფუნებას განასახიერებს, რომელმაც თავისდაუნებურად ჩაითრია, მაგრამ სწორედ ამგვარმა ორაზროვნებამ შემატა სიმბოლიზმი და მეტი დრამატიზმი მხატვრის ნამუშევარს, რომელიც საკმაოდ ადრე, სულ რაღაც 27 წლის ასაკში გარდაიცვალა ნარკოტიკების ზედმეტი დოზით.
* ბასკიას მემკვიდრეობა -
პირობითად ბასკიას შემოქმედება სამ ნაწილად იყოფა: ადრეული პერიოდი, როცა ჩონჩხებითა და ნიღაბს დამსგავსებული სახეებით გამოხატავდა უჩვეულო ინტერესს სიკვდილის მიმართ, ან ავტომობილების, შენობების და ქუჩაში მოთამაშე ბავშვების ხატვით ცდილობდა სთრით-არტის გამოცდილების გადააზრებას, საშუალო პერიოდი, რომელიც ჰაიტის ისტორიის კვლევით, საკუთარი ფესვების ძიებით აღინიშნა და მესამე, რომლისთვისაც ახალი ფორმების და შესრულების მანერის ძიება აღმოჩნდა დამახასიათებელი.
მართალია, ბასკიას შემოქმედება ყოველთვის მის ტემპერამენტს, ცხოვრებისეულ ენერგიას განასახიერებდა, რადგან სწრაფად მუშაობდა და ნებისმიერ ზედაპირზე ხატავდა, არასდროს იზღუდებოდა თვითცენზურით და ერთგვარი სპონტანური მხატვრის რეპუტაციით სარგებლობდა, მაგრამ დეტალურად შესწავლისას ნათელი ხდება, რომ ყველა ნამუშევარი მხატვრის აფორიაქებულ ქვეცნობიერს აირეკლავს.
საოცრად ამბიციური ბასკია ყოველთვის ინდივიდუალური სტილის, თვითმყოფადობის დემონსტრირებას ცდილობდა და უარს ამბობდა არტ-ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, მტკივნეულად განიცდიდა, როცა მის ნახატებს არა ხელოვნების ნიმუშად, არამედ მოდურ ატრიბუტად მიიჩნევდნენ და სწორედ ნარკოტიკებით ცდილობდა ბევრად ახლობელ, გამოგონილ სამყაროში გაქცევას, რადგან ასაკის მატების და გამოცდილების შეძენის მიუხედავად, მაინც სამუდამოდ ‘’გასხივოსნებულ ბავშვად’’ დარჩა.
მართალია, სხვებისგან განსხვავებით ბასკიამ სწრაფად და საკმაოდ მსუბუქად გაიარა გრძელი გზა არაორდინალური ქუჩის მხატვრიდან საგალერეო გამოფენების მონაწილემდე, რომლის ნამუშევრები დღესაც ასეულ ათასი დოლარი ღირს, მაგრამ სწორედ მოულოდნელად თავს დამტყდარი დიდება აღმოჩნდა მისთვის დამღუპველი.