თბილისის 53-ე და 211-ე საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ რეჟიმში გრძელდება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ სკოლების შენობების სრულ რეაბილიტაციას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბური პროექტის ფარგლებში, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
53-ე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 8 250 000 ლარზე მეტია, სამშენებლო ნორმების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით ხორციელდება. ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგად, 2024 წლის ბოლოსთვის, 53-ე საჯარო სკოლის 1400-ზე მეტი მოსწავლე სწავლას სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ სკოლაში გააგრძელებს.
სამშენებლო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს 211-ე საჯარო სკოლაში, სადაც რეაბილიტაციის პროცესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 4 850 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შედეგად სკოლა, სასწავლო სივრცეებთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიებით, სპორტული დარბაზით, ბიბლიოთეკით, რესურს ოთახით, ექიმის კაბინეტითა და კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცეებით.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, დაათვალიერეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სუხიტაშვილმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ.