7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს. მიმართვის ავტორები არიან ის სამართალდამცველები, რომლებმაც 2023 წლის 7-8 მარტის აქციების მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სხეულის სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღეს, მათ შორის ცეცხლის წაკიდებით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს. დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება.