ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. აღნიშნული წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს დაფარავს. ჯანდაცვის სამინისტროსა და მედიკამენტების მწარმოებელ კომპანია „როშეს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფო, შვეიცარიული კომპანიისგან სხვადასხვა დასახელების პრეპარატს პირდაპირი წესით შეიძენს. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან სახელმწიფო ონკოლოგიურ პაციენტს მკურნალობის კურსს სრულად დაუფინანსებს.