ტექსასის შტატის ქალაქებში, ოსტინსა და ჰიუსტონში, ქართული ღვინის რიგით მეექვსე ფორუმი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. ფორუმის ორდღიანი პროგრამა მოიცავდა კონფერენციას, რომელიც ქალაქ ოსტინში ტექსასის უნივერსიტეტში, ხოლო ქალაქ ჰიუსტონში რაისის უნივერსიტეტში, მეცნიერების, ეკონომისტების, მსხვილის სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების და ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში, განხილული იყო ქართული ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები, ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია, მისი მარკეტინკული პოტენციალი, თანამედროვე ინდუსტრიის მდგომარეობა, აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის პოლიტიკის საკვანძო ელემენტები, ღვინის გლობალური ბაზრის მდგომარეობის ასპექტები და სხვა საკითხები. კონფერენციის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია "ქართული ღვინის მრავალფეროვნება" გაიმართა.ქართული ღვინის მეექვსე ფორუმი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.