ზოგ ჩვენგანს ბინის ყიდვა გვსურს, ზოგს გაყიდვა, გაქირავება და ზოგს კი სულაც სურვილი აქვს, რომ დეველოპერულ/სამშენებლო ბიზნესში ჩაერთო. ამიტომ, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრით დავიწყებ, რადგან ეს ის სექტორია, რომლის გარშემოც განვითარებული სიახლეებიც, ვფიქრობ, ყველას გვაინტერესებს. გალტ & თაგარტმა ცოტა ხნის წინ კვევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევისას გამოიკითხა 15 სისტემური დეველოპერი, რომლის შედეგადაც გაანალიზდა 65-მდე მიმდინარე პროექტის გაყიდვების დინამიკა. ეს ანალიზი საშუალებას იძლევა რეალურ დროში, მაღალი სიზუსტით მოხდეს ბაზრის მიმდინარე ტენდენციების შეფასება. შედეგების გაანალიზებისას გამოიკვეთა, რომ გამოკითხული დეველოპერების პროექტებში გაყიდვები განსაკუთრებით გაიზარდა 2022 წელს. მაღალი მოთხოვნა შენარჩუნდა 2023 წლის 9 თვეშიც და გასული წლის ანალოგიურ პერიოდოს მაჩვენებელს გადააჭარბა კიდეც. გამოკითხული დეველოპერების პროექტებში, რომლებიც 2023 წელს სრულდება, ბინების 95% უკვე გაყიდულია. გაყიდვების მაღალი ტემპია ასევე პროექტებში, რომლებიც 2024 და 2025 წლებში სრულდება, სადაც რეალიზებულია ბინების 78% და 58%, შესაბამისად. შერჩეული დეველოპერული პროექტების გაყიდვების მაღალი ტემპიდან გამომდინარე და მოთხოვნის ჯანსაღი ფაქტორების გათვალისწინებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე ეტაპზე ჭარბი მიწოდების საფრთხე არ იკვეთება. თუმცა, გაცემული ნებართვების მოცულობამ 2023 წლის 10 თვეში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, და თუ ნებართვების გაცემის ეს ტენდენცია შენარჩუნდა, მაშინ საშუალოვადიან პერიოდში ჭარბი მიწოდების საკითხი შესაძლოა აქტუალური გახდეს.