ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, განახლებული თავდასხმების საპასუხოდ, მათ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრსა და სხვა ობიექტებს დაარტყეს. მათივე ინფორმაციით, სამხედრო ძალებმა „ჰეზბოლას“ ის ჯგუფი დაბომბეს, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო თავდასხმას გეგმავდა. მოგვიანებით კი „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან 25 რაკეტა და სამი დრონი გაუშვა. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ისრაელისა და "ჰამასის" ომს სულ მცირე, 50 ჟურნალისტი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 45 პალესტინელი, 4 ისრაელელი და ერთი ლიბანელი ჟურნალისტია. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 11, უგზო-უკვლოდ დაკარგულია 3, ხოლო დაკავებულია 18 ჟურნალისტი.