უკრაინაში ღირსებისა და თავისუფლების დღეს აღნიშნავენ. 21 ნოემბერი ღირსებსის დღედ 10 წლის წინ მომხდარი „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ დაწესდა. „ევრომაიდნის“ სახელით ცნობილი საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. „ღირსების რევოლუციის“ მეათე წლისთავის აღსანიშნავად კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩავიდა. როგორც მან განაცხადა, წლების წინ უკრაინელმა ხალხმა საკუთარი არჩევანი მკაფიოდ გამოხატა. უკრაინაში ასევე მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუც ჩავიდა. მან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის პირველ ლედისთან ერთად 10 წლის წინ, ღირსების რევოლუციის დროს დაღუპული აქტივისტების ხსოვნას პატივი მიაგო. სპეციალური მიმართვის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაიდანის რევოლუციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 10 წლის წინ უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან უკანონობისა და ევროპული მომავლის წართმევის მცდელობის წინააღმდეგ პირველი შეტევა მოიგერიეს.