საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. უწყების ინფორმაციით, დაფინანსება არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს მოიცავს, ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებსაც ფარავს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, რეფორმის მიზანია მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, ასევე პაციენტის ხარჯის შემცირება, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის გაზრდა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტური ხარჯვაა. მისი თქმით, ასევე, ქვეყანაში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებლის გამო, მიზანშეწონილად ჩაითვალა საკეისრო კვეთისა და მშობიარობის ფასის გათანაბრება, რაც შეამცირებს სამედიცინო პერსონალის მოტივაციას საკეისრო კვეთის სასარგებლოდ.
„მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ცვლილება სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემის გაფართოების შედეგად განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.