თურქეთის პრეზიდენტი ისრაელის მისამართით მორიგ კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს. ერდოღანი აღნიშნავს, რომ სანამ გვიანი არ არის, ისრაელის ბირთვული იარაღი ყოველგვარი ეჭვის გარეშე უნდა შემოწმდეს. ერდოღანის განცხადებით, ისრაელი არ არის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების მხარე და მის წესებს არ ექვემდებარება. მისივე თქმით, შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს იმის საშუალება აქვთ, რომ ბირთვული უსაფრთხოების სახელით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიმართონ და მონიტორინგის მექანიზმი მოითხოვონ. ერდოღანი ასევე აღნიშნავს, რომ თურქეთი სწორედ ამ მექანიზმის გააქტიურებას აპირებს.