ისრაელისა და ჰამასის ომი გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებით გადაღებული ვიდეო და ფოტო მასალა გაავრცელა, რომელშიც, როგორც თავად აცხადებენ, ასახულია, თუ როგორ შეჰყავთ „ჰამასის“ მებრძოლებს 7-დ ოქტომბერს ალ-შიფას საავადმყოფოში ორი მძევალი. ამავდროულად, პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 7-დ ოქტომბერს მუსიკალურ ფესტივალზე ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობა ისრაელის ვერტმფრენებმა დაბომბეს. პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი ამ ბრალდებების გამო პალესტინის ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ამის პარალელურად, არაბული და მუსლიმი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან. ოფიციალური პირები საუდის არაბეთიდან, იორდანედან, ეგვიპტიდან, ინდონეზიიდან, ასევე, პალესტინიდან და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციიდან დღეს პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდებიან და აღნიშნულ კონფლიქტზე ისაუბრებენ.