გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 11 პირი დააკავა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრების მოთხოვნა მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგება იყო, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. პროტესტის მონაწილეებს სამინისტროს შენობასთან კარვის გაშლა და გზის გადაკეტვა სურდათ, რის შესაძლებლობასაც სამართალდამცველები არ მისცეს. მოძრაობის სხვა წევრებთან ერთად დაკავებულია ვარლამ გოლეთიანიც. ადვოკატის განცხადებით, აქციის მონაწილეების დაკავება კანონის დარღვევით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, შეკრებილებმა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს და საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვიეს. მოძრაობის წევრები ითხოვენ, გაუქმდეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, 49 წლიანი ლიცენზია.