სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასაშუალებასთან მორიგ ინტერვიუში საქართველოსა და ოკუპანტი ქვეყნის ურთიერთიბაზე ისაუბრა. კითხვაზე ეპყრობა თუ არა საქართველოს მთავრობა პუტინს ზედმეტი პატივისცემით ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ზოგიერთი ლიდერი შესაძლოა შიშს გრძნობდეს, თუმცა პრეზიდენტი ამას არ იზიარებს. ზურაბიშვილმა განმარტა, რომ საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა. პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილთან ურთიერთობაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ქვეყნის გარეთ პრემიერს საჯაროდ არ გააკრიტიკებს, რადგან „ქვეყნის დეპოლარიზაცია მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“. ზურაბიშვილი სანქციების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის დასავლეთიდან არავის უთხოვია, ეროვნულ დონეზე შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენმა ქვეყანამ ეს მაინც გააკეთა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი თავს ჯერ საქართველოს დაესხა, შემდეგ კი – უკრაინას. პრეზიდენტის თქმით, რუსეთი მარცხდება და ეს უკრაინის წინააღმდეგობის და სიძლიერის შედეგია.