უკრაინის რადას დეპუტატი ნატალია პიპა აცხადებს, რომ პოლიციამ, ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო. უკრაინის პოლიციაში განაცხადეს, რომ დეპუტატთა ჯგუფის მიმართვის საფუძველზე სისხლის სამართლის წარმოება დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებითაა დაწყებული. საქმე ალექსეი არესტოვიჩსა და დეპუტატ ნატალია პიპას შორის რამდენიმე თვის წინ დაწყებულ უთანხმოებას ეხება. კონფლიქტის მიზეზი პიპასა და ერთ-ერთ მოზარდს შორის ოდესის ქუჩაში მომხდარი დაპირისპირება გახდა. მოზარდი ქუჩაში საბჭოთა მომღერლის სიმღერებს ასრულებდა, რაზეც დეპუტატმა მას შენიშვნა მისცა. მომხდარს ბიჭის მხრიდან ემოციური რეაგირება და უცენზურო სიტყვები მოჰყვა. დეპუტატმა პოლიციას მიმართა. მოზარდის დასაცავად ალექსეი არესტოვიჩმა სასამართლოს მიმართა და ნატალია პიპას წინააღმდეგ უკრაინაში ეროვნული შუღლის გაღვივებისთვის სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება მოითხოვა. ოქტომბერში 29 დეპუტატისგან შემდგარმა ჯგუფმა უკრაინის ნაციონალურ პოლიციაში კოლექტიური განცხადება შეიტანა, რომლითაც არესტოვიჩი დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებაში დაადანაშაულეს.