ისრაელი ღაზაზე საჰაერო იერიშებს განაგრძობს, ქალაქში სახმელეთო ოპერაცია აქტიურ ფაზაშია. თავდაცვის ძალები ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაციას ატარებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ალ-შიფას შენობაში „ჰამასის“ ოპერაციული გვირაბის შახტა აღმოაჩინეს. მათივე ინფორმაციით, აღმოაჩენილია მანქანაც, რომელშიც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო. „ჰამასი“ ისრაელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ალ-შიფას საავადმყოფოში შესაძლო ყოფნის შესახებ, მკაფიო ნიშნები არსებობდა. თუმცა როდესაც ჯარები ალ-შიფაში შევიდნენ, იქ მძევლები აღარ იყვნენ. ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მისი ძალების მცდელობები ღაზის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მინიმუმამდე შემცირებულიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა, ამაში დამნაშავე კი „ჰამასია“. ამასთან, საავადმყოფოს ახლომდებარე შენობაში 65 წლის მძევლის ცხედარი იპოვეს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქალი„ჰამასმა“ მძევლად 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს აიყვანა, მისი ქმარი კი მოკლეს. შეგახსენებთ, ისრაელმა არაერთხელ დაადანაშაულა „ჰამასი“, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ ბაზა აქვს განთავსებული, რასაც ტერორისტული დაჯგუფება უარყოფს.