ისრაელი ღაზაზე საჰაერო იერიშებს განაგრძობს, ქალაქში სახმელეთო ოპერაცია აქტიურ ფაზაშია. თავდაცვის ძალები ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაციას ატარებენ. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ალ-შიფას შენობაში „ჰამასის“ ოპერაციული გვირაბის შახტა აღმოაჩინეს. მათივე ინფორმაციით, აღმოაჩინეს მანქანა, რომელშიც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო. „ჰამასი“ ისრაელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულ სიცრუეს უწოდებს. მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ალ-შიფას საავადმყოფოში შესაძლო ყოფნის შესახებ, მკაფიო ნიშნები არსებობდა. თუმცა მისი მტკიცებით, როდესაც ჯარები ალ-შიფაში შევიდნენ, იქ მძევლები აღარ იყვნენ. ამასთან, საავადმყოფოს ახლომდებარე შენობაში 65 წლის მძევლის ცხედარი იპოვეს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქალი„ჰამასმა“ მძევლად 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს აიყვანა, მისი ქმარი კი მოკლეს. შეგახსენებთ, ისრაელმა არაერთხელ დაადანაშაულა „ჰამასი“, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ ბაზა აქვს განთავსებული, რასაც ტერორისტული დაჯგუფება უარყოფს.