აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო უარს აცხადებს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობაზე, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. ოფიციალური ბაქოს განცხადებით, კონფლიქტის მიმართ აშშ-ის ცალმხრივმა მიდგომამ შესაძლოა მისი, როგორც შუამავლის როლის დაკარგვა გამოიწვიოს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენასა და ო’ბრაიენის გამოსვლას აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე დარტყმად და რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრად განიხილავენ. ცნობისთვის, ო`ბრაიანმა 15 ნოემბერს განაცხადა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენება მიუღებელია და რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება ამჟამად ბაქოზეა დამოკიდებული.