ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი პირველი საგარეო ვიზიტით კიევს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კამერონი უკრაინელ მაღალჩინოსნებს შეხვდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, შეხვედრისას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ბრიტანეთი და უკრაინა ერთად გაიმარჯვებენ და ოფიციალური ლონდონის მხარდაჭერა ომის დასრულებამდე გაგრძელდება. კამერონი ასევე შეხვდა უკრიანის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. უკრიანის პრეზიდენტის თქმით, მან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეიარაღების, საჰაერო თავდაცვის გაძლიერების, ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის აუცილებლობა განიხილა. უკრაინის პრეზიდენტმა კამერონს დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.