* ბენაზირ ბჰუტო -
ზუსტად 30 წლის წინ, პაკისტანს ბენაზირ ბჰუტო - ისლამურ სამყაროში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ჩაუდგა სათავეში, რომელმაც არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ დასავლეთშიც განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა, რადგან სწორედ მან შეცვალა მსოფლიოს წარმოდგენა პაკისტანზე, მთლიანად ისლამურ სამყაროსა და ქალის როლზე ჩაკეტილ პატრიარქალურ საზოგადოებაში.
* გაუხსნელი მკვლელობა -
ბენაზირ ბჰუტო 2007 წლის 27 დეკემბერს დაიღუპა წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოწყობილ მასშტაბურ მიტინგზე განხორციელებული ტერაქტის დროს, როცა ტერორისტებმა თავში სამი გასროლა არ აკმარეს, 15 წლის თვითმკვლელსაც აიძულეს აფეთქება და 20-მდე უდანაშაულო მომიტინგე შეიწირეს.
დღემდე არავინ იცის ვინ დაგეგმა და განახორციელა საზარელი მკვლელობა. მართალია, პასუხისმგებლობა თავდასხმაზე ‘’ალ-ქაიდამ’’ აიღო, მაგრამ სპეცსამსახურები და საერთაშორისო გამომძიებლები დარწმუნებული არიან, რომ ტერაქტი ‘’თალიბანის’’ პაკისტანური ფრთის მონაწილეობით განხორციელდა. არსებობს ვერსია, თითქოს მკვლელობა პაკისტანის დაზვერვის სამსახურმა დაგეგმა, რომელიც ფაქტობრივად მართავდა ქვეყანას და ფარულად თანამშრომლობდა ექსტრემისტულ და ტერორისტულ დაჯგუფებებთან, მით უფრო, რომ ბჰუტოს სერიოზული კონფლიქტი ჰქონდა დაზვერვის უწყების გენერლებთან.
პირველი თავდასხმა ბჰუტოზე ორი თვით ადრე - რვაწლიანი დევნილობის შემდეგ პაკისტანში დაბრუნების დღეს განხორციელდა. ყოფილ პრემიერს მილიონზე მეტი ადამიანი დახვდა ყარაჩის აეროპორტში მისი პოლიტიკური ორგანიზაციის - პაკისტანის სახალხო პარტიის სიმბოლიკით. სწორედ მაშინ აიფეთქა თავი თვითმკვლელმა და მართალია, 136 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ თავად ბჰუტო ცოცხალი გადარჩა.
* აღმოსავლეთის ქალიშვილი -
ბენაზირ ბჰუტო 1953 წლის 21 ივნისს დაიბადა ყარაჩში, პაკისტანის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არისტოკრატიულ ოჯახში. მემუარებსა და ინტერვიუებში ბჰუტო ხაზგასმით აღნიშნავდა ოჯახისა და პირველ რიგში მამის - ზულფიქარ ბჰუტოს - ქვეყნის პირველი დემოკრატიულად არჩეულმა ლიდერის და პაკისტანის სახალხო პარტიის დამფუძნებელის გავლენას, რომელიც სამხედრო გადატრიალებიდან ორი წლის შემდეგ, 1979 წელს დასაჯეს სიკვდილით.
ბჰუტომ ადრეულ ბავშვობაშივე გაიცნო ცნობილი პოლიტიკოსები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც დიპლომატიური და არაფორმალური ვიზიტებით სტუმრობდნენ მის მამას სახლში. როგორც საკუთარ ავტობიოგრაფიაში ‘’აღმოსავლეთის ქალიშვილი’’ ბჰუტომ აღნიშნა, 10 წლის ასაკში მაო ძედუნის გაცნობას ნატრობდა, რადგან ძალიან უნდოდა იმ ადამიანის ნახვა, ვისგან საჩუქრად მიღებულ კეპსაც მამა განსაკუთრებით უფრთხილდებოდა.
ზულფიქარ ბჰუტომ, რომელმაც საზღვარგარეთ მიიღო განათლება, პაკისტანის კონსერვატორული საზოგადოების ზეწოლის მიუხედავად, მაინც დასავლური ლიბერალიზმის ტრადიციებით აღზარდა საყვარელი ქალიშვილი და სწავლის სურვილთან ერთად მისი ძლიერი ნებისყოფა და ერთგვარი თავნებობაც წაახალისა. მეტიც, სწორედ მან მისცა ერთადერთ ქალს ბჰუტოს ოჯახიდან, ბურქის ნაცვლად მოდური კაბების ტარების უფლება.
მართალია, ბჰუტო პაკისტანის გენდერული ტრადიციების გარეშე გაიზარდა, მაგრამ გათხოვება მაინც შეთანხმებით მოუწია. 34 წლის ბენაზირი კიდევ ერთი ცნობილი პაკისტანური დინასტიის მემკვიდრეს ასიფ ალი ზარდარის გაჰყვა ცოლად და მასთან ერთად აღზარდა სამი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთმა - ბილაველ ბჰუტო-ზარდარიმ 2018 წელს სცადა პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება.
უმაღლესი განათლება ბენაზირმა ჯერ ჰარვარდში, მერე ოქსფორდში მიიღო, სადაც ლიბერალურმა იდეებმა, ფემინიზმმა გაიტაცა, მისი წარმოდგენა საზოგადოებაში ქალის როლსა და სექსუალობაზე კი, თანამედროვე დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნისთვისაც ზედმეტად ლიბერალური აღმოჩნდა. მართალია, 1980-იან წლებში, ბჰუტომ ერთ-ერთმა პირველი დაუჭირა მხარი აბორტის უფლებას, მაგრამ ხელისუფლებაში მოსულმა ვერც საკუთარი პოზიცია დაიცვა, ვერც წინამორბედების - რელიგიური ფუნდამენტალისტებისა და სამხედროების მიერ შეზღუდული უფლებები აღადგინა ქალებისთვის, რის გამოც ხშირად აკრიტიკებდნენ პაკისტანელი ფემინისტები და უცხოელი უფლებადამცველები.
მეტწილად მამის დახვრეტის გამო, ბჰუტო სიკვდილით დასჯის გაუქმებასაც გეგმავდა, თუმცა საშინელ დანაშაულთა მსხვერპლზე ფიქრისას, მიხვდა, რომ ‘’სისასტიკის მიუხედავად, ზოგიერთ შემთხვევაში, უმაღლესი სასჯელი აუცილებელი იყო’’, რის გამოც საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების, მათ შორის Amnesty International-ის წყრომა დაიმსახურა.
1979 წელს, ზულფიკარ ბჰუტოს სიკვდილით დასჯის შემდეგ ბენაზირი დედასთან ერთად ექვსი თვით დააპატიმრეს. მართალია, მოგვიანებით ქალბატონები გაათავისუფლეს, მაგრამ სპეცსამსახურებმა მათი სახლის თვალთვალი გააგრძელეს. როგორც ბენაზირმა აღნიშნა ავტობიოგრაფიაში, ყოველთვის ახლოს იყვნენ უნომრო ავტომობილები, რომლებიც ოჯახის ყველა წევრის გადაადგილებას აკონტროლებდნენ, იღებდნენ ფოტოებს და უსმენდნენ სატელეფონო საუბრებს.
* გზა პრემიერობისკენ -
1977 წლის გადატრიალების შემდეგ პაკისტანის მთავრობამ საომარი მდგომარეობა შემოიღო. სამოქალაქო სასამართლოები სამხედრო სასამართლოებმა შეცვალეს, რომელთაც ან უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, ან ჩამოხრჩობის წესით დასაჯეს წინა ხელისუფლების მომხრეები. გადამეტებული ძალაუფლება გამოიყენა უსაფრთხოების სამსახურმაც, როცა ახსნა-განმარტებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დააკავა უამრავი ადამიანი. მამის ათასობით მიმდევრის მსგავსად მრავალგზის დააპატიმრეს თავად ბჰუტოც, რომელიც სრულ მარტოობაში გამოკეტეს რამდენიმე თვით საკანში.
1988 წელს, სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორის და ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერის, გენერალ მუჰამედ ზიას გარდაცვალების შემდეგ პაკისტანში პირდაპირი არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ბენაზირ ბჰუტომ გაიმარჯვა. ბჰუტო ორჯერ აირჩიეს პაკისტანის პრემიერ-მინისტრად პაკისტანის სახალხო პარტიის ხელმძღვანელობა კი, მამისგან მიიღო მემკვიდრეობით. ავტობიოგრაფიაში ბენაზირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართალია, ‘’არ სურდა პოლიტიკაში ჩაბმა, მაგრამ ცხოვრებამ აიძულა’’. საარჩევნო კამპანიაში მომავალი პრემიერი ყოველთვის დემოკრატიულ რეფორმებზე აკეთებდა აქცენტს და მკაცრად აკრიტიკებდა სამხედროებს, რომელთაც განუსაზღვრელად გააფართოვეს საკუთარი გავლენა სახელმწიფო ორგანოებზე.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე ორჯერ არჩევის მიუხედავად, ბჰუტომ ვერც რეფორმები განახორციელა სრულად, ვერც პოსტი შეინარჩუნა ვადის ამოწურვამდე, ‘’სამხედროებმა ორჯერ აიძულეს გადადგომა, მათვე დაბლოკეს კანონპროექტების უმეტესობა. პაკისტანის პოლიტიკა ყოველთვის სამხედროებზე იყო დამოკიდებული, რადგან მათი კეთილგანწყობა განსაზღვრავდა ქვეყნის მმართველის წარმატებას, კარგი ურთიერთობის შემთხვევაში მეტი თავისუფლება ჰქონდა, დაპირისპირებული კი, მმართველობის ყველა ბერკეტს კარგავდა, სწორედ ამიტომ ვერ შეძლო ბჰუტომ ძალაუფლების ხელში აღება’’, - აღნიშნა ერთ-ერთ სტატიაში ჟურნალისტმა გულ აიაზიმ.
ბჰუტოს პრემიერ-მინისტრად არჩევანს პირველ რიგში სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა გარდამტეხი აღმოჩნდა როგორც პაკისტანისთვის, ისე მთელი მუსულმანური სამყაროსთვის. პრემიერი ყოველთვის ღიად საუბრობდა გენდერულ პრობლემებსა და ქალთა მიმართ ძალადობაზე პაკისტანში, მაშინ როცა სხვა მუსლიმანური სახელმწიფოები დუმდნენ. წინაღობების მიუხედავად, ბჰუტომ მაინც შეძლო რამდენიმე მნიშვნელოვანი სოციალური ინიციატივის განხორციელება - გააფართოვა ქალთა საგანმანათლებლო პროგრამა, სპეციალური კომიტეტების დახმარებით ჩააბა სახელმწიფო სამსახურში და შეიმუშავა უპირობო სოციალური დახმარების პროექტი, რომელიც დღემდე მოქმედებს.
* კორუფცია და ‘’თალიბანი’’ -
მართალია, დასავლელი ლიდერები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და სამხედრო დიქტატურის დამარცხებით, სწორედ ბჰუტომ განავითარა პაკისტანში დემოკრატია, მაგრამ დამოკიდებულება მისი პერსონის მიმართ მაინც არაერთგვაროვანი იყო, რადგან სწორედ მისი მმართველობის პერიოდში აყვავდა კორუფცია. პრემიერმა საკუთარი ნათესავები დანიშნა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, რომელთაც არც საჭირო განათლება ჰქონდათ, არც გამოცდილება. მეტიც, მის მეუღლეს, ბიზნესმენ ასიფ ალი ზარდარის, რომელიც მრავალჯერ დაადანაშაულეს კორუფციაში, პაკისტანელებმა ‘’მისტერ ათი პროცენტი’’ შეარქვეს, რადგან სწორედ ამგვარ ანაზღაურებას მოითხოვდა სამთავრობო პროექტებში მონაწილეობისა და გრანტების განაწილებისთვის.
‘’პაკისტანში ყოველთვის ასე იყო. ეს პაკისტანის პოლიტიკის დილემაა. ქვეყნის მმართველებს პარტნიორები სჭირდებათ, რადგან არ ენდობიან უცხო ადამიანებს. მართალია, ბჰუტო პრეზიდენტის ოჯახში გაიზარდა, მაგრამ მაინც ვერ ისწავლა წარსულის გაკვეთილები. მეტიც, სწორედ კორუფციის ბრალდებით გადააყენეს ორჯერ, მის პერიოდში დაწყებულ საქმეებს კი, დღემდე განიხილავს სასამართო’’, - აღნიშნა აიაზიმ.
პაკისტანის პოლიტიკასა და ისლამურ პარტიებში კლერიკალური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლით, ბჰუტომ ‘’თალიბანის’’ გაძლიერებას და მეზობელი ავღანეთის ხელისუფლებაში მის მოსვლას შეუწყო ხელი. მართალია, 1990-იანი წლებში გაეროს მაღალჩინოსნებთან ერთად ბჰუტომ თეთრი სახლის ადმინისტრაციაც დაარწმუნა, რომ პაკისტანი არასდროს უჭერდა მხარს ‘’თალიბანს’’, მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში დაზვერვის უწყება მართლაც ეხმარებოდა დაჯგუფებას მასზე გავლენის მოპოვების მიზნით, 1995 წელს კი, ‘’თალიბანის’’ დაფინანსება და შეიარაღება ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის გავლით, იმდენადა აშკარა და თვალშისაცემი გახდა, რომ ბჰუტოს თავი მართლება მოუწია, თითქოს კონტროლი დაკარგა სიტუაციაზე, დაზვერვამ კი, უარი უთხრა ინფორმაციის მიწოდებაზე.
1996 წელს პაკისტანი ერთ-ერთი გახდა იმ სამ ქვეყანას შორის, რომელმაც ავღანეთში ‘’თალიბანის’’ მთავრობის ლეგიტიმურობა აღიარა, თუმცა დანარჩენმა ორმა - საუდის არაბეთმა და არაბეთის საემიროებმა მალევე გაიწვიეს საკუთარი აღიარება და პაკისტანი მარტო დატოვეს ‘’თალიბანთან’’. მართალია, 2000-იან წლების დასაწყისში, ბჰუტომ მკაცრად გააკრიტიკა პაკისტანის დაზვერვა ‘’თალიბანის’’ აქტიური მხარდაჭერისთვის, მაგრამ მისი კრიტიკა დაგვიანებული აღმოჩნდა.
ჟურნალისტის გულ აიაზის მტკიცებით, ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით, ბჰუტო იძულებით თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან და სამხედროებთან. მით უფრო, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პაკისტანს ერთის მხრივ, ინდოეთთან მოუწია ბრძოლის გამართვა ჯამუსა და ქაშმირის შტატების მოსაპოვებლად, მეორეს მხრივ, ჩრდილოეთით მოსაზღვრე ავღანეთთან მოუხდა საერთო ენის გამონახვა. ‘’საიდუმლო არაა, რომ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ბჰუტო ინტენსიურად თანამშრომლობდა სამხედროებთან, რომელთაც მხარი დაუჭირეს, თუმცა სანაცვლოდ მოქმედების სრული თავისუფლება მოითხოვეს. სამხედროებს პუშტუნების მთავრობის შექმნა უნდოდათ, რაც კარგად იცოდა პრემიერმა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მთავრობა აქტიურად იყო ჩართული ‘’თალიბანის’’ დაფინანსების პროგრამაში’’, - განმარტა აიაზიმ.
ხელისუფლებაში მოსვლამდე დასავლეთში ემიგრირებული ბჰუტო ხშირად ჰყვებოდა როგორ დევნიდნენ სამხედროები ‘’თალიბების’’ მთავრობის ოპონენტებს, აკავებდნენ და აწამებდნენ ეთნიკური და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს, თუმცა ვერც პირველ, ვერც მეორე საპრემიერო ვადაში ვერ შეძლო მანკიერი სისტემის ძირეულად შეცვლა. მეტიც, 1993-1996 წლებში ბჰუტომ საერთაშორისო საზოგადოების რისხვაც დაიმსახურა, რადგან ჯერ ‘’ლურჯ მელად’’ წოდებული მასიური ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა ე.წ. ‘’ანტისოციალური ელემენტებისგან’’ ქვეყნის გათავისუფლების მიზნით, მერე კი, ისევ მისი ბრძანებით მოუწყვეს ძალოვნებმა გენოციდი მუჰაჯირებს - ინდოელთა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს.
* მემკვიდრეობა -
2007 წლამდე, თითქმის 8 წელი ნებაყოფლობით განდეგილი ბჰუტო ლონდონსა და დუბაიში ცხოვრობდა. მართალია, 1999 წელს ყოფილი პრემიერი კორუფციაში დაადანაშაულეს და დაუსწრებლად მიუსაჯეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ 2007 წელს პაკისტანის პრეზიდენტთან პერვიზ მუშარაფთან შეხვედრის შემდეგ ბჰუტომ არა მხოლოდ კორუფციაში ბრალდების გაუქმების პირობა, არამედ მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და პაკისტანის სპეცსამსახურები მუდმივად აფრთხილებდნენ შესაძლო ტერაქტის შესახებ, პაკისტანელთა ფართო მხარდაჭერით გათამამებულმა მაინც გაბედა სამშობლოში დაბრუნდა.
მასშტაბური კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ხშირად გაუმართლებელი გადაწყვეტილებების მიუხედავად, კომპრომისებისა და პოლიტიკური დათმობების ხარჯზე ბჰუტომ მაინც შეძლო დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. მეტიც, სწორედ ბჰუტოს ფიგურამ, განსაკუთრებით მისმა ტრაგიკულმა სიკვდილმა მისცა საშუალება პაკისტანის მომდევნო, არასამხედრო მთავრობას სრული ვადის დასრულების შემდეგ მშვიდობიანად გადაეცა ხელისუფლება მემკვიდრე დემოკრატიული მთავრობისთვის და წერტილი დაესვა ათწლეულების მანძილზე გაგრძელებული სამხედრო გადატრიალებების სერიისთვის. ‘’მაშინ დაბრუნდა ბჰუტო პაკისტანში, როცა სამხედრო დიქტატურამ საკუთარი რესურსი ამოწურა. ხალხი ბედნიერი იყო, რადგან ბენაზირის დაბრუნება სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავდა. ერთხელ მან თქვა, რომ დემოკრატია ყველაზე კარგი შურისძიებაა და სწორედ დემოკრატიის, პოლიტიკური პროცესების უწყვეტად გაგრძელების საშუალება მისცა მან პაკისტანს. ეს ის მემკვიდრეობაა, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ და ვცდილობთ გადავცეთ ჩვენს შვილებს’’, - აღნიშნა გულ აიაზიმ.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ბენაზირ ბჰუტოს ჯილდო მიენიჭა, რომელსაც გენერალური ასამბლეა მხოლოდ ხუთ წელიწადში გადასცემს.