* ალ ბანო -
ალ ბანო - იტალიური ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემსრულებელია, რომელმაც 1980-იანი წლების დასაწყისში მოიპოვა პოპულარობა. მართალია, წელს მუსიკოსმა 80 წლის იუბილე აღნიშნა, მაგრამ ისევ ახალგაზრდული შემართებით აგრძელებს კარიერას, რადგან როგორც თავად აღნიშნა, ‘’მანამდე იმღერებს, სანამ უკანასკნელი მსმენელი არ გააცილებს აპლოდისმენტებით’’.
* უჩვეულო სახელი -
ალბანო ანტონიო კარიზი 1943 წლის 20 მაისს დაიბადა იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, პატარა ქალაქ ჩელინო-სან-მარკოში ადგილობრივი ფერმერების კარმელო და იოლანდა კარიზების ოჯახში. უჩვეულო, იტალიურ ენაზე არ არსებული სახელი მომავალმა მუსიკოსმა მამის წყალობით შეიძინა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ალბანეთში იბრძოდა და სწორედ ‘’ალბანელი’’ დაარქვა საკუთარ შვილს, რომელმაც მოგვიანებით ორად - ალ ბანოდ გაყო და სცენურ ფსევდონიმად აქცია.
* ‘’ჩელენტანოს კლანი’’ -
პირველი სიმღერა Addio Sicilia ანუ ‘’მშვიდობით, სიცილია’’ ალ ბანომ 12 წლის ასაკში დაწერა. მართალია, მოგვიანებით მუსიკოსმა ბავშვობის სიმღერის რამდენიმე განსხვავებული ვერსია შექმნა, თუმცა ყველა დაიწუნა და არცერთი არ ჩაწერა.
16 წლის ალ ბანო, რომელმაც მტკიცედ გადაწყვიტა მუსიკოსობა, მილანში გაემგზავრა, თუმცა სწრაფად მოუწია ილუზიებთან დამშვიდობება, რადგან მუსიკალური კარიერის ნაცვლად, პრაქტიკულად გადარჩენისთვის მოუხდა ბრძოლა და ხან მზარეულად და მიმტანად მუშაობდა რესტორანში, ხან რიგით მუშად ფაბრიკაში. ალ ბანოს მხოლოდ 1965 წელს გაუმართლა, როცა ადრიანო ჩელენტანოს მიერ ორგანიზებულ კონკურსში ‘’ახალ ხმებში’’ გაიმარჯვა და ე.წ. ‘’ჩელენტანოს კლანს’’ შეუერთდა.
* პირველი აღიარება -
პირველი სინგლი ორმაგი სახელწოდებით La strada/Devo dirti di no (‘’ძვირფასო/უნდა გითხრა არა’’) ალ ბანომ სწორედ ‘’ჩელენტანოს კლანის’’ სტუდიაში ჩაწერა. მართალია, სადებიუტო კომპოზიციით ახალბედა მუსიკოსმა სან-რემოს კონკურსზე სცადა მოხვედრა, მაგრამ არ გაუმართლა, რადგან 1960-იან წლებში - მუსიკალური ფესტივალის აღმავლობის პერიოდში, პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო დამწყები მუსიკოსის კონკურსში მონაწილეობა.
აღიარება მუსიკოსმა მხოლოდ 1967 წელს მოიპოვა სიმღერით Nel sole (‘’მზეზე’’), რასაც ამავე სახელწოდების ალბომი და ფილმი მოჰყვა, რომელშიც პარტნიორობა ამერიკელმა მსახიობმა და დებიუტანტმა მომღერალმა რომინა პაუერმა გაუწია. სწორედ ფილმის გადაღებებზე გაიცნო ალ ბანომ მომავალი მეუღლე, რომელსაც თითქმის 30-წლიანი ქორწინების შემდეგ, 1999 წელს გაშორდა, განქორწინების მიზეზად კი, უფროსი ქალიშვილის დაღუპვა იქცა.
* ქალიშვილი -
ილენია 1994 წელს გაუჩინარდა ლუიზიანაში. პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ დამწყებმა ჟურნალისტმა, რომელიც ამერიკაში ქუჩის მუსიკოსებზე მასალის შესაგროვებლად ჩავიდა, ახალი ორლეანის ფრანგულ კვარტალში იქირავა სასტუმროს ნომერი. იქვე გაიცნო ახალგაზრდა ქუჩის მუსიკოსიც, რომელიც მთავარ ეჭვმიტანილად იქცა, რადგან ნაცნობთა მტკიცებით ახალგაზრდა, რომლის ვინაობა შეგნებულად არ გახმაურდა, არა მხოლოდ სექტას ხელმძღვანელობდა, არამედ თვითმკვლელობას ქადაგებდა და რიტუალურ მკვლელობებს ატარებდა.
მეტ-ნაკლებად დამაჯერებელ ვერსიად იქცა რამდენიმე თვითმხილველის ჩვენებაც. როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივებმა საკუთარი თვალით ნახეს როგორ გადახტა მდინარე მისისიპიში ახალგაზრდა ქალი, რომელიც ძალიან ჰგავდა ილენიას. მართალია, სანაპირო პატრულმა ფართო სამძებრო ღონისძიება მოაწყო, მაგრამ ცხედარი, რომელიც სავარაუდოდ ზღვამ გაიტაცა, ვერ იპოვა და ამიტომ გოგონა არა დაღუპულად, არამედ უგზოუკლოდ დაკარგულად გამოაცხადა.
* ფილმები
მუსიკალური კარიერის პარალელურად, ალ ბანომ კინოშიც მოსინჯა შესაძლებლობები. სწორედ მისი მუსიკის მოტივებზე შეიქმნა შვიდი ფილმი, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობა ‘’მთელი მსოფლიოს ოქრომ’’ (L’oro del mondo), ‘’მომღიმარმა ბიჭუნამ’’ (Il ragazzo che sorride) და ‘’სიყვარულის შუაღამემ’’ (Mezzanotte d’amore) მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მთავარი როლები ფილმებში თავად ალ ბანოსა და რომინა პაუერის დუეტმა შეასრულა.
* სან-რემო -
ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ ფორუმზე - სან-რემოს ფესტივალზე, ალ ბანოს დებიუტი 1968 წელს შედგა სიმღერით La siepe (‘’გალავანი’’), რასაც ორი წლის შემდეგ ნაკლებად წარმატებული გამოსვლა მოჰყვა კომპოზიციით 13, storia d'oggi (‘’13, დღევანდელი ისტორია’’). ბერად წარმატებული აღმოჩნდა მუსიკოსისთვის 1982 წელი, როცა მეუღლესთან დუეტში შეასრულა სიმღერა Felicità (‘’ბედნიერება’’) და არა მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა რიკარდო ფოლისა და მისი Storie di tutti i giorni-ის (‘’ყოველდღიური ისტორიების’’) შემდეგ, არამედ მსოფლიო პოპულარობაც მოიპოვა. თუმცა, ნამდვილ ტრიუმფად მაინც 1984 წელის იქცა, როცა კონკურსის გამარჯვებული კომპოზიცია Ci sara გახდა.
აღსანიშნავია, რომ 1982 წელს დუეტის სავიზიტო ბარათად ქცეულ Felicità-თან ერთად ნაციონალურ ჰიტ-აღლუმში კიდევ სამი სიმღერა Sharazan, Aria pura და Il ballo del qua qua მოხვდა, რომელთაც დღემდე დაუძლეველი რეკორდი დაამყარეს.
* ოპერის მომღერალი -
კარიერის დასაწყისში ალ ბანომ დიდხანს ვერ გადაწყვიტა რა უფრო მოსწონდა - საესტრადო თუ კლასიკური მუსიკა, ამიტომ მუდმივად ორ ჟანრს შორის ბალანსირებდა, ალბომებში კი, სისტემატურად შეჰქონდა კლასიკური ნაწარმოებები. 1995 წელს მუსიკოსმა ალბომი Emozionale გამოუშვა, რომელშიც მონსერატ კაბალიესთან დუეტში შესრულებული სიმღერა Cantico შევიდა, 2000 წელს კი, ისევ კაბალიესთან ერთად მოაწყო კონცერტი მილანში, ღვთმშობლის შობის ტაძარში.
კლასიკურ მუსიკას მიუძღვნა ალ ბანომ 1997 წელს გამოსული ალბომი Concerto classico, რომელშიც არიები გააერთიანა ცნობილი ოპერებიდან და ალბომი Il nuovo conсerto, რომელიც ერთი წლის შემდეგ ჩაწერა ისევ კლასიკური მუსიკის საუკეთესო ტრადიციების დაცვით. არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა 2002 წელს გამოშვებული ნაკრები Carrisi canta Caruso, რომელშიც მუსიკოსმა ცნობილი იტალიელი ტენორის ენრიკო კარუზოს რეპერტუარი გადაამუშავა და საკუთარი ინტერპრეტაციით ჩაწერა მისი სიმღერები.
* მეღვინე -
მილანში გამგზავრებამდე ახალგაზრდა ალ ბანო მამას შეჰპირდა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა მშობლიურ სოფელში, გააშენებდა ვაზს და მხოლოდ საუკეთესო ხარისხის ღვინოს გამოუშვებდა. მუსიკოსმა პირობა შეასრულა. დღეს Al Bano Carrisi-ის კომპანია არა მხოლოდ რამდენიმე სახეობის ღვინოს, არამედ ზეითუნის ზეთსაც უშვებს, ბიზნესმენად ქცეული მეწარმე კი, მდიდრულ მამულში ცხოვრებს, რომელიც საცხოვრებელ და ტურისტულ ზონებადაა დაყოფილი, მეპატრონის ფეშენებელური სახლის მეზობლად კი, რესტორანი და სასტუმროა გაშენებული მუდამ მრავალრიცხოვანი სტუმრებით.