ძაღლის გასეირნების დროს წარმოქმნილი კონფლიქტის შედეგად ერთი პირის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გურამ ელიზბარაშვილი კვლავ “ინგოროყვას“ კლინიკაში რჩება. გუშინ, გვიან ღამით დაჭრილს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც დაჭრილის ადვოკატი, სალომე ივანიშვილი აცხადებს, ელიზბარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. უფლებამცველისთვის უცნობია, დააკავეს თუ არა ის პირი, რომელმაც დაკავებული ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა. რაც შეეხება ბრალს, ადვოკატის თქმით, ის ამ დრომდე დაკავებულისთვის არ წაუყენებიათ. დაჭრილის მამა, თამაზ ელიზბარაშვილი კი სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერების გასაჯაროვებას ითხოვს. მისივე თქმით, კონფლიქტი ყაზახეთის მოქალაქემ დაიწყო, რის შედეგადაც მისი შვილიც დაიჭრა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონოდ ტარებას გულისხმობს.