სამართალდამცველებმა, თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში, "ქურდული სამყაროსთან" კავშირში მყოფი 18 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. "კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, ფული, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები. დანაშაულები 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.