ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. ორმხრივი ავიაიერიშები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 11 240-ს მიაღწია. მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის სულ მცირე 4 600 ბავშვია. ალ-შიფას ჰოსპიტალთან, რომელიც ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს ქვეშ არსებულ გვირაბებში „ჰამასს“ მართვისა და კონტროლის ცენტრი აქვს მოწყობილი. „ჰამასსა“ და საავადმყოფოში კი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ და სიცრუეს უწოდებენ. ამას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ღაზას სექტორში არსებული საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი რაც შეიძლება ნაკლები ადამიანური დანაკარგით დასრულდება.