ისრაელ-ჰამასის ომი გრძელდება. ტერორისტული დაჯგუფება ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს არ წყვეტს. პარალელურად, ისრაელი ღაზაზე სარაკეტო დარტყმებს აგრძელებს და სახმელეთო ოპერაციას აძლიერებს. ღაზის სექტორში დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რიცხვი 44-მდე გაიზარდა. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ღაზის უდიდესმა ალ-შიფას საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ჰოსპიტალს 300 ლიტრი საწვავი მიაწოდეს, მაგრამ „ჰამასმა“ სამედიცინო ცენტრს მის მიღებაში ხელი შეუშალა. ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში, რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, კვირას უცხო ქვეყნების 800-ზე მეტი მოქალაქე გადავიდა. საერთაშორისო ლიდერები კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი კონფლიქტის გადაჭრის გზებზე სამსჯელოდ ახლო აღმოსავლეთს ეწვევა. წითელი ჯვარი აცხადებს, რომ ღაზაში სიტუაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას უახლოვდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შემთხვევაში განიხილება.