გიორგი მიქაუტაძე „აიაქსის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა „ალმერტე სიტისთან“ გასვლით შეხვედრაში, რომელიც დაძაბული გამოდგა და ამსტერდამელებმა მხოლოდ ქულა მოიპოვეს – 2:2.
„აიაქსის“ მწვრთნელმა, ჯონ ვან სხიპმა ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-12 ტურში ქართველი თავდამსხმელი კვლავ ნახევარდაცვაში ათამაშა და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა. მიქაუტაძე აქტიურობდა, პოზიციაზე მორგებას ცდილობდა, მაგრამ შესვენებამდე ამსტერდამელებს შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ.
„ალმერე სიტი“ აგრესიულად და ორგანიზებულად თამაშობდა და 67-ე წუთზე რიტმეესტერ ვან დე კამპის გოლით დაწინაურდა. „აიაქსმა“ ერთ წუთში ჩუბა აკპომის ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 82-ე წუთზე წინ გავიდა – გოლი მიქაუტაძის შემცვლელის, ბენჟამინ ტაჰიროვიჩის ანგარიშზეა.
თუმცა 90+3-ე წუთზე „ალმერეს“ ფრანგმა თავდამსხმელმა, ტომას რობინემ პენალტი გამოიყენა და ამსტერდამელებს ქულა გამოგლიჯა – 2:2. 12 ტურის შემდეგ „აიაქსი“ 12 ქულით მე-12 ადგილზეა.
აიაქსის მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან'ტ სხიპმა მატჩის შემდეგ გიორგი მიქაუტაძის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა. ამსტერდამელთა დამრიგებელმა ის გადაწყვეტილებაც ახსნა, თუ რატომ დააყენა სასტარტო შემადგენლობაში მიქაუტაძე.
"ვარჯიშებზე ის უკეთესი იყო. მას ხაზებს შორის უნდა ემოძრავა, როგორც 10 ნომერს, მაგრამ ამით არაფერი გამოვიდა. დღეს ის თავისი თავით უკმაყოფილო იყო", - აღნიშნა ვან'ტ სხიპმა.