სერია A-ს მეთორმეტე ტურში "ნაპოლიმ" სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე "ემპოლის“ უმასპინძლა და ბოლო წუთზე გაშვებული გოლით ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა სათადარიგო სკამიდან დაიწყო, მოედანზე კი 54-ე წუთზე შემოვიდა, რის შემდეგაც სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. ქართველი ტრადიციულად აქტიური იყო მოედნაზე, საყვარელი მარცხენა ფლანგიდან ამწვავებდა. კვარაცხელიას შემოსვლამდე ნაპოლის შეტევაში აშკარად აკლდა ფანტაზია, თუმცა 22 წლის ქართველმა მოედანზე სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. მას პირველი რეალური შანსი 79-ე წუთზე მიეცა, თუმცა მის უძლიერეს დარტყმულს ეტრიტ ბერიშამ ურთულესი სეივით უპასუხა.
89-ე წუთზე ხვიჩამ მორიგი ჩინებული შანსი მიიღო, მარჯვენა დაბალ კუთხეში დაარტყა, თუმცა ბერიშამ კვლავ ბრწყინვალედ იმოქმედა, ამის შემდეგ კი ვიქტორ კოვალენკომ 90+1 წუთზე შესანიშნავი გოლი გაიტანა და სტუმრებს 3 ქულა მოუტანა.
"ნაპოლი" 21 ქულით მე-4 ადგილზეა და შემდეგ მატჩს 25 ნოემბერს ბერგამოში "ატალანტასთან" ჩაატარებს. ამის შემდეგ კი მიჯრით ელოდება შეხვედრა მადრიდის რეალთან, ინტერთან და იუვენტუსთან.
აღსანიშნავია, რომ ნაპოლის კატასტროფული სერია აქვს შინ, სადაც ყველა ტურნირის გათვალისწინებით 27 სექტემბრის მერე არ მოუგია (2 ფრე, 3 წაგება), ხოლო მთლიანად სეზონში შინ მხოლოდ ორი თამაში მოიგო.
ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი მიითვალა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა.
ნაპოლის სერია A-ში 12 ტურის შემდეგ 21 ქულით ამ დროისთვის მე-4 ადგილი უკავია. ახლა სანაკრებო პაუზა იწყება, რომლის დასრულების შემდეგ ნაპოლის უმძიმესი კალენდარი აქვს, რადგან ზედიზედ მოკლე პერიოდში ატალანტას, რეალს, ინტერს და იუვენტუსს ეთამაშება.