თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის საქმეზე დაკავებულ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარის განცხადებით, სასამართლომ სრულიად გაიზიარა მათი პოზიცია, რომ არსებობდა ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების საფუძველი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე 11 ნოემბერს დააკავა.