საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „ჯარის ქალაქი“ დაათვალიერეს. პარლამენტის წევრებს „ჯარის ქალაქში“ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა. უმრავლესობის წევრები დასრულებულ პროექტს ადგილზე გაეცნენ და ჯარისკაცებისთვის გადაცემული ფართები და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
მახათას მთაზე ბინათმშენებლობის პროექტში სამხედროებზე ბინები ლოტოტრონის პრინციპით განაწილდა. მახათას მთაზე 7-სართულიანი 39-ი კორპუსი აშენდა, რომელშიც 1092 ბინა განთავსდა. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწიათ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება ჰქონდათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ შიდა განვადებით ესარგებლათ.