ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ კირბალთან 6 ნოემბერს, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს სოფლის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ. დღეს დილით, გინტური მშობლიური სოფლიდან გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ამ წუთებში წირვა მიმდინარეობს. ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ნათესავები და თანასოფლელები იმყოფებიან. წირვის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის ეპარქიის სასულიერო პირები, თამაზ გინტურს წესს აუგებენ, შემდეგ კი, ეპარქიის ეპისკოპოსი, ანდრია პანაშვიდს გადაიხდის, რის შემდეგაც, 13-ი საათისთვის გარდაცვლილ თამაზ გინტურს საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ კირბალის სასაფლაოზე დაკრძალავენ. გარდაცვლილის ძმის, ნიკოლოზ გინტურის განცხადებით, ოჯახს ერთადერთი მოთხოვნა აქვს, რომ დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ.