ისრაელ-ჰამასის ომი გრძელდება. ჰამასი ისრაელზე თავდასხმებს აგრძელებს. ქვეყნის დიდ ქალაქებში მათ შორის თელ-ავივში, რამატ განში, ბნეი ბრაკში, ასევე ჰოლონში, აშდოდში და მიმდებარე თემებში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა. The Times of Israel-ის ინფორმაციით, თელ-ავივზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მოქალაქეების დაშავების მიზეზი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევები გახდა. პარალელურად, ისრაელი ღაზაზე საჰაერო იერიშებს განაგრძობს, სახმელეთო ოპერაცია აქტიურ ფაზაშია. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ქვეყანას, „ჰამასთან“ ომის დასრულების შემდეგ, ღაზის სექტორის დაპყრობა, ოკუპაცია ან მართვა არ სურს. ღაზაში არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარების გამო, ისრაელი ჩრდილოეთ ღაზას სექტორში ყოველდღიურად სამხედრო ოპერაციებში 4-საათიან პაუზებს აიღებს. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტას არ გულისხმობს.