უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანაშემწის დაღუპვასთან დაკავშირებით ბრალი მის კოლეგას წარუდგინეს, ოლეგ ტიმჩენკოს, რომელმაც გენადი ჩასტიაკოვს ხელყუმბარა აჩუქა. უკრაინული მედიის ცნობით, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილის პირველ თანაშემწეს, ოლეგ ტიმჩენკოს ასაფეთქებელი მოწყობილობის ნებართვის გარეშე შეძენის, შენახვისა და ტარების მუხლით წარუდგინეს ბრალი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 6 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გენადი ჩასტიაკოვი საკუთარ სახლში აფეთქების შედეგად დაიღუპა; ასევე დაიჭრა მისი 13 წლის ვაჟი. როგორც ჩასტიაკოვის მეუღლემ განაცხადა, ხელყუმბარა, სასაჩუქრე ყუთში იდო.