საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ხელმოწერების კამპანია - „ჩვენი ხმა ევროპას“ დაიწყო.
პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილებს ტექსტი გააცნო და ხელი მოაწერა.
„მინდა, წაგიკითხოთ ჩვენი მიმართვა და შემდეგ მე მოვაწერ ხელს პირველი, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ხელმოწერებისთვის გახსნილი იქნება.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თქვენ, ევროპის ლიდერებს, დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება.
მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად, საქართველოს და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევას. ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ, მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთან არის, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია.
საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს, სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით, ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს“,- ნათქვამია ტექსტში, რომელსაც პრეზიდენტმა მოაწერა ხელი.
მისივე თქმით, ხელმოწერა ყველასთვის ღიაა.
„დღეს ჩვენ ყველა დავპატიჟეთ. პოზიცია, ოპოზიცია, მგონი, ჩვენ აქ ვიძლევით ერთიანობის სურათს, რაც არ უნდა იყოს. ხელმოწერა ყველასთვის ღიაა. პოლიტიკური მიკერძოების მიუხედავად. ადგილი არ აქვს მიკერძოებას ამ ხელმოწერაში. ყველა, პატარა, დიდი, რაც არ უნდა იყოს მათი მსოფლმხედველობა რელიგიური, პოლიტიკური, თუ სხვა, ყველამ უნდა მოაწეროს ხელი. ეს ყველას მომავალი, საქართველოს მომავალია“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.