გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან საქართველოს ერთი მოქალაქის მოკვლის, ხოლო მეორის გატაცების ფაქტს საქართველოში პოლიტიკური ძალები ოკუპანტი სახელმწიფოს მორიგ დესტრუქციად აფასებენ. თუმცა აქვე ერთმანეთის ბრალეულობაზე აპელირებენ. ოპოზიცია, ამბობს, რომ ხელისუფლების მოჩვენებითი მშვიდობის პოლიტიკამ ქვეყანაში სერიოზული საფრთხეები შექმნა, რასაც კირბალში მომხდარი ტრაგედიაც ადასტურებს. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს მოუწოდებენ, წინა ხელისუფლების კრიტიკის ნაცვლად, მთელი ძალისხმევა მიმართონ გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და დეოკუპაციის სტრატეგიის შემუშავებისკენ.თავის მხრივ ხელისუფლების წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ ოკუპაცია წინა ხელისუფლების მძიმე მემკვიდრეობაა, იმ პოლიტიკური გუნდის, რომელმაც საქართველოში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან აერიდება ვერ მოახერხა. უმრავლესობის წევრების შეფასებით, მშვიდობიანი პოლიტიკა ახლა არის მთავარი იარაღი ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ და გატაცებული ლევან დოთიაშვილის გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტი ამოქმედებულია.