მომავალი წლის განმავლობაში საქართველომ, მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი, თავიდან უნდა აიცილოს ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკაში , - ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ პოლიტიკური დიალოგის წარმართვა ევროკავშირის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, ევროკავშირის განცხადებებთან შესაბამისობაში, მონაწილეობა უნდა მიიღონ ევროკავშირის ქმედებებში და გამოიყენონ შეთანხმებული სანქციები და შემზღუდავი ზომები.
„საქართველო ამ მიმართულებით ზომიერად არის მომზადებული. საანგარიშო პერიოდში მიღწეულია შეზღუდული პროგრესი. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შემდეგ, საქართველო შეუერთდა ევროკავშირის პოზიციებს საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში. საქართველო არ შეუერთდა შემაკავებელ ზომებს (სანქციებს) რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მიმართ და ამ საკითხთან დაკავშირებით უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციებს. თუმცა, საქართველო ძალიან მჭიდროდ და პროაქტიულად თანამშრომლობდა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლით პრევენციის მიზნით. საქართველომ განაგრძო მონაწილეობა ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებში და ოპერაციებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის ფარგლებში.
მნიშვნელოვანი დამატებითი ძალისხმევაა საჭირო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში დაახლოების გასაზრდელად, კერძოდ, ევროკავშირისა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციებსა და შემაკავებელ ზომებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით.
მომავალი წლის განმავლობაში საქართველომ, მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი, თავიდან უნდა აიცილოს ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკაში; გააგრძელოს ძალისხმევა ჰიბრიდული/კიბერ მდგრადობის გასაზრდელად, გააგრძელოს იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს ტერიტორია ან/და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები არ იქნან გამოყენებული ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლისთვის, განსაკუთრებით რუსეთთან და ბელარუსთან მიმართებაში“, - აღნიშნულია ანგარიშში.