პარტიიდან „საქართველოსთვის“ რამდენიმე დღის წინ გარიცხული ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ძიძიგური ყოფილ თანაპარტიელებს ზეწოლასა და პირადი ცხოვრების დეტალებით შანტაჟში ადანაშაულებს. ჟურნალისტებთან საუბრისას ძიძიგურმა კონკრეტულად ბათუმის საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ ზეწოლა პარტიის ლიდერების მხრიდან ხორციელდებოდა და დარწმუნებულია, რომ ამის შესახებ თავად გიორგი გახარიამაც იცოდა. აღნიშნულის საპასუხოდ პარტია საქართველოსთვის წევრი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ შანტაჟის, მოსყიდვის მეთოდს იყენებს, რომელსაც ზოგიერთი უღირსი ადამიანი თანხმდება. აღნიშნულ ფაქტს მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. მათი თქმით როდესაც პოლიტიკური ორგანიზმი ჯანსაღი არაა, პოლიტიკური პროცესებიც შესაბამისია.