ისრაელ-ჰამასის ომი გრძელდება. ტერორისტული დაჯგუფება ისრაელზე თავდასხმებს აგრძელებს. არსებული ინფორმაციით ჰამასი სამალავებად ღაზაში არსებულ საავადმყოფოებს იყენებს. პარალელურად, თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელი ღაზას სექტორზე სახმელეთო და სარაკეტო იერიშებს აგრძელებს, არმიამ ღაზის ალყაში მოქცევა დაასრულა და სანაპირო ხაზის გასწვრივ წინ წაიწია. გასულ ღამეს, სახმელეთო ჯარებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ საგუშაგო დაცვა აიღეს, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების სადამკვირვებლო პუნქტებს, საწვრთნელ ტერიტორიებსა და მიწისქვეშა გვირაბებს მოიცავდა. ლიკვიდირებულია „ჰამასის“ რამდენიმე წევრი და საველე მეთაური, მათ შორის „ჰამასის“ სპეცოპერაციების ხელმძღვანელი, ჯამალ მუსა. ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ 450-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში ისრაელის კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობამ 30-ს მიაღწია. ღაზაში ჰუმანიტარული ვითარება კვლავ მძიმეა. იორდანიის საჰაერო ძალებმა ღაზაში სამედიცინო დახმარება ჩაუშვა. ისრაელი რაფაჰის გადასასვლელის გავლით ღაზის სექტორში შემავალ დახმარებას ამოწმებს, რათა „ჰამასის“ ხელში იარაღი ან თავდაცვითი აღჭურვილობა არ აღმოჩნდეს. არსებული მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე ისრაელში 1400-ზე მეტი მოქალაქეა დაღუპული, ღაზაში გარდაცვლილთა რიცხვი კი 9 700-ს აჭარბებს. 200-ზე მეტი ისრაელელი ამ დრომდე ჰამასის ტყვეობაში რჩება.