ევროკავშირში გზაზე უკრაინა დათმობებს არ ითხოვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელი იყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, შეასრულეს.
„ეს ეხება კანონის უზენაესობასაც, ეთნიკური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასაც, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაში მეტ გამჭვირვალობასაც და ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურის გაძლიერებასაც“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერა „მყარი და სანდო რჩებოდეს“, მათ შორის თავდაცვითი და ფინანსური მხარდაჭერა, ვინაიდან „რუსეთი უნდა ხედავდეს, რომ მსოფლიო უკან არ იხევს, როდესაც თავისუფლებასა და საერთაშორისო სამართალს იცავს“.