უკვე 28-ე დღეა, რაც ისრაელისა და ჰამასის ომი მიმდინარეობს. ღაზას სექტორი სრულ ალყაში იმყოფება. ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, "ცახალმა" შეტევა საგუშაგოებზე, შტაბებსა და "ჰამასის" სხვა ობიექტებზე მიიტანა. შეტაკებები ისრაელისა და ლიბანის საზღვარზეც გრძელდება. "ჰამასის" ცნობით, ღაზას სექტორში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია. დაღუპულთა რაოდენობა კი 9 000 ადამიანს აჭარბებს. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, „ჰამასის“ ლიდერი, ისმაილ ჰანია, რომელიც კატარში ცხოვრობს, ირანში ჩასვლას გეგმავს. ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი კი აცხადებს, რომ ისრაელის მთავრობა საკუთარ ხალხს ატყუებს. ხამენეის თქმით, ისრაელი იმ ტერიტორიებს ბომბავს, სადაც შესაძლოა მძევლები იმყოფებოდნენ.