ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, ღაზას სექტორსა და ეგვიპტეს შორის ტაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გახსნის შემდეგ აღნიშნული ანკლავი 400-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. BBC-ის ცნობით, მათ შორის 330-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო 76 კი პალესტინელია. ისრაელის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ თავდაცვითი ხაზი გაარღვია და სახმელეთო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. „ჰამასში“ კი აცხადებენ, რომ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის თავდასხმების შედეგად მინიმუმ 195 პალესტინელი დაიღუპა. მათივე მტკიცებით, 120 ადამიანი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი, ასევე სულ მცირე 770 ადამიანი დაშავდა. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ვოლკერ თურქის განცხადებით, ბანაკზე თავდასხმა, შესაძლოა, ომის დანაშაულად კვალიფიცირდეს. ბოლო ინფორმაციით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტს 1400-ზე მეტი ისრაელელი და 8 700-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. 239 პირი კვლავ „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში კიდევ ერთხელ ჩავა. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტში პაუზის მოწოდებით გამოდის, რათა მძევლები გათავისუფლდნენ. ჯო ბაიდენის განცხადებით, ადგილზე არსებული ვითარება "წარმოუდგენლად რთულია" როგორც ისრაელისთვის, ისე მუსლიმური სამყაროსთვის.