პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, ჩვენება ერთმა მოწმე - გამომძიებელმა მისცა. ამას გარდა, გამოიკვლიეს ვიდეომტკიცებულებებიც. სხდომას ესწრებოდა ბრალდებულის ბაბუა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ოჯახს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვს. მისივე თქმით, მოსამართლის გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ოჯახი პრეზიდენტს ლაზარეს შეწყალების მოთხოვნით მიმართავს. შსს-ს მტკიცებით, გრიგორიადისმა შვიდი მარტის საპროტესტო აქციაზე პოლიციელების მიმართ ე.წ მოლოტოვის კოქტეილი ორჯერ ისროლა, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.