რიკოთის პროექტს, როგორც თავისი მნიშვნელობით, ასევე, საინჟინრო სირთულით, მათ შორის, რელიეფის და გეოლოგიის გათვალისწინებით, არ აქვს ანალოგი ქართულ რეალობაში და არის უპრეცედენტო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ასეთი მსხვილი, რთული საინჟინრო პროექტის განხორციელება კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას დააგროვებს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რიკოთის მონაკვეთზე შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი. მისივე თქმით, გვირაბების ჯამური სიგრძე 33.6 კმ-ია, ხიდებისა კი - 21 კმ-ზე მეტი, მათ შორის, დღეს საქართველოს ყველაზე გრძელი გვირაბის პარალელურად, მიმდინარეობს ახალი 1800 მეტრიანი გვირაბის მშენებლობა. მინისტრის ინფორმაციით, ასევე, სწორედ რიკოთზეა აშენებული საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე 1362 მეტრია. მინისტრის განცხადებით, გარდა ამისა, რიკოთზე იქნება 1640 მეტრის სიგრძის გვირაბებიც. მისივე თქმით, რიკოთის პროექტი დაყოფილია ოთხ მონაკვეთად: ჩუმათელეთი-ხევი, ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი და შორაპანი-არგვეთას საგზაო მონაკვეთებად და სირთულის თვალსაზრისით, თითოეულ მონაკვეთს თავისი სპეციფიკა გააჩნია.
ირაკლი ქარსელაძემ, ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა მიმდინარეობს მოძრაობის პარალელურად, ორი დღის წინ გაიხსნა რიკოთის ორი მონაკვეთი, ოთხზოლიანი 27 კმ-იანი ახალი გზა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევიდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპნამდე, რომელიც მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთით 8 კმ-ით შემცირდა ძველი ხევი-შორაპნის მონაკვეთი. რაც შეეხება დაზოგილ დროს, ამ მონაკვეთის დასაშვები სიჩქარით გავლა, 45 წუთის ნაცვლად 20 წუთში იქნება შესაძლებელი.
„ინტენსიური სამუშაოები გრძელდება დანარჩენ მონაკვეთებზეც, რიკოთის პროექტის სრულად დასრულება 2024 წელს არის გათვალისწინებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.