უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნოემბერი და დეკემბერი მნიშვნელოვანი უნდა იყოს უკრაინისთვის.
„უკვე ვემზადებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის, რომლებიც დაგეგმილია ნოემბრის პირველ კვირებში, ზოგადად, ეს ნოემბერი და დეკემბერი მნიშვნელოვანი უნდა იყოს უკრაინისთვის. ეს მოიცავს თავდაცვის ახალ პაკეტებს და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების განვითარებას. ასევე ვამზადებთ უკრაინაში დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებს. პარტნიორებთან ჩვენი მუშაობის აქტივობა უცვლელი იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, სასიხარულო სიახლეა, რომ მალტაში, მშვიდობის ფორმულის ფორმატში გამართული შეხვედრის შედეგად სამიტის თანათავმჯდომარეები საერთო განცხადებაზე შეთანხმდნენ.
„ეს არის სწორი სიგნალი - რაც არ უნდა მოხდეს მსოფლიოში, მთავარია ერთიანობა საერთაშორისო სამართლის რეალური ძალის გულისთვის, რადგან ეს არის ერთობა უკრაინისა და ყველა იმ ქვეყნისა და ხალხისთვის, რომლებიც შეიძლება აგრესიას დაექვემდებარონ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მალტაში, უკრაინის მიერ შეთავაზებული მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით 28-29 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე ტყვეებისა და დეპორტირებულების გათავისუფლებაზე და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. შეხვედრაში 66 ქვეყანა მონაწილეობდა - მნიშვნელოვნად მეტი, ვიდრე საუდის არაბეთში გამართულ წინა შეხვედრაზე. მონაწილე ქვეყნების სია ჯერ არ გასაჯაროვებულა.