პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოს ცნობით, ღაზას ათასობით მცხოვრები საწყობებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში შეიჭრა და ფქვილი და პირველადი საჭიროების სხვა პროდუქტები გაიტაცა. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, რომ სამოქალაქო წესრიგი იწყებს ნგრევას სამკვირიანი ომისა და ღაზას მკაცრი ალყის შემდეგ. გაერო-ს სააგენტოში განმარტავენ, რომ ღაზას სექტორში ეგვიპტიდან სატვირთო მანქანებით შეტანილი ჰუმანიტარული დახმარება არასაკმარისია. პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოში აცხადებენ, რომ ღაზაში ორგანიზაციის 50-ზე მეტი თანამშრომელი დაიღუპა და მარაგების გადატანა შეფერხდა.