პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ აგრძელებს კამპანიას სახელწოდებით „მსვლელობა ევროპისკენ“.
პარტიის ლიდერის თქმით, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეხვედრებს მართავენ და თითოეულ მოქალაქეს დეტალურად უხსნიან, რატომ არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მათი კეთილდღეობა.
როგორც ანა დოლიძე აცხადებს, პარტიის მიერ დაწყებული კამპანია „მსვლელობა ევროპისკენ“ კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
„დღეს ხელისუფლება ცდილობს არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს საკუთარ მოქალაქეებს, თითქოს, ევროკავშირი ჩვენგან „უხამსობის“ რეგულირებას ითხოვს. ეს არ არის ევროდირექტივა. ამაზე ევროკავშირის წარმომადგენლობამ უკვე თქვა, რომ „უხამსობის“ რეგულირება ევროდირექტივით გათვალისწინებული მოთხოვნების ნაწილი არ არის. სინამდვილეში - რა არის ევროკავშირი და კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩვენი კეთილდღეობა. „ქართული ოცნება“ კი საქართველოს მოქალაქეებს კეთილდღეობას ვერ მოუტანს. მას ეს კეთილდღეობა მხოლოდ საკუთარი პარტიის წევრებისთვის უნდა.
ევროკავშირი სწორედ იმიტომ გვინდა, რომ ფინანსურად უფრო ძლიერები ვიყოთ, იმიტომ გვინდა, რომ რეფორმები გავატაროთ არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოსა და მედიის თავისუფლებისთვის, არამედ მინიმალური ხელფასისთვის, უმუშევრობის დაზღვევისთვის.
დღეს რომ ადამიანი სამსახურს კარგავს, კარგავს მთელ ცხოვრებას. ვერც იპოთეკას გადაიხდის, ვერც საჭმელს მიიტანს სახლში. მთელ ცივილიზებულ სამყაროში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში არის უმუშევრობის დაზღვევა. იმ გადასახადებიდან, რასაც ჩვენ ისედაც ვიხდით, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში 6 თვე უნდა გვიბრუნებდნენ არსებობისთვის აუცილებელ თანხას. აი, ეს არის ევროკავშირი.
დღეს საქართველოს არაერთ რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესი თუ რიგითი ფერმერი სწორედ ევროკავშირის პროექტების ფარგლებში მიღებული დაფინანსებით ქმნის სამუშაო ადგილებს და აწარმოებს პროდუქციას. ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ქვეყანაში ხორციელდება, დიდი ნაწილი სწორედ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ფინანსდება. აი, ამიტომ გვინდა ევროკავშირი. ამ მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს“, - აცხადებს ანა დოლიძე, რომლის კომენტარსაც პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ავრცელებს.