კარგად ვიცით, რომ ყველას საქართველოდან გაქცევაზე აქვს თვალი - მრცხვენია იმ ხალხის წინაშე, რომელიც 2009-2012 წლებში ჩამოვიდა სააკაშვილის დაძახებით, ახალ საქართველოში ცხოვრების იმედით და აღმოჩნდა გაუბედურებულ მდგომარეობაში,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილი განმარტავს, სასოწარკვეთის განცდა ბრძოლის და წინსვლის, ერთიანობის განცდაში უნდა გადავზარდოთ.
"კარგად ვიცით, რომ ყველას საქართველოდან გაქცევაზე აქვს თვალი. ახალგაზრდები იმისთვის სწავლობენ, რომ დიპლომი აიღონ და გაიქცნენ, ბუნებრივია, რომ ეს ასეა. არანაირი პერსპექტივის განცდა არ არის აქ. მე მრცხვენია იმ ხალხის წინაშე, რომელიც 2009-2010-2011-2012 წელს ჩამოვიდა იმედით, სააკაშვილის დაძახებით, ახალ საქართველოში ცხოვრების იმედით და გაუბედურებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ყველაზე მეტად ის ხალხი მეცოდება, ვინც ოჯახებით არის წასული. მე არ შემეძლო ამის გვერდიდან ყურება. როდესაც მეკითხებიან, რატომ ჩავიგდე თავი საფრთხეში, თავი იმიტომ ჩავიგდე საფრთხეში, რომ ამის გვერდიდან ყურება, ამ უბედურების გადატანა შორიდან, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ყოფილიყო, არ შემეძლო. იქ ვარ, სადაც დღეს ვარ. მინდა, ეს სასოწარკვეთის განცდა გადავზარდოთ ბრძოლის და წინსვლის, ერთიანობის განცდაში.
არ გაგვაკეთებინონ, ისე, რომ რა აზრი აქვს პოლიტიკას, ყველა ერთი იმით არის...მე არ ვარ. ემიგრანტებმა ღირსეულად უნდა იცხოვროთ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, დროს ვერ ავანაზღაურებთ, ბავშვები გაიზარდნენ უდედმამოდ, ზოგი მოხუცი გარდაიცვალა, რომლის შვილი და შვილიშვილი წასული იყო. რასაც ავინაზღაურებთ, ავინაზღაურებთ.
მე ვგრძნობ, რომ ჩვენი ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთიანობა კონკრეტულ საკითხებზე, ერთიანობა იმაში, რომ ეს არჩევნები არ მოიპარონ, ერთიანობა იმაზე, რომ ქვეყანას მომავალი აქვს და ხალხი არ უნდა გადიოდეს. რახან ხალხი არ უნდა გადიოდეს, ე.ი აქ უნდა შევთავაზოთ რაღაც და იმისთვის, რომ აქ რაღაც შევთავაზოთ, ეს სიტუაცია ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს. იმიტომ, რომ ეს სიტუაცია გათვლილია სულ მინუსზე, დაცლაზე, გაუბედურებასა და დასუსტებაზე. ჩვენი საქართველო, ჩემი წარმოდგენილი საქართველო არის ძლიერი ძლიერ უკრაინასთან ერთად", - აღნიშნა სააკაშვილმა.